საგზაო სექტორში ინვესტიციების ზრდა ეკონომიკის განვითარებას. სიღარიბის დაძლევას ემსახურება
13 აგვისტო 2019
წლების განმავლობაში ვზრდით ინვესტიციებს საგზაო სექტორში. ეს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და ტურიზმს შეუწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ემსახურება, - აღნიშნა დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6-თვიანი ანგარიშის წარადგენაზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
„გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 3.5-ჯერ არის გაზრდილი და საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით წელს მილიარდ 500 მილიონს ვხარჯავთ. ეს თანხა მოხმარდება როგორც მაგისტრალების მშენებლობას, ასევე შიდა და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სამუშაოებზე დასაქმებულია 9 ათას ადამიანზე მეტი. ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო პროექტების არამხოლოდ ხარისხიანად და დროულად შესრულება, არამედ მისი დაგეგმვა ისეთი სახით, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის, რეგიონების განვითარებას. ბოლო პერიოდში დეპარტამენტსა და მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში გაუმჯობესდა კომუნიკაცია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ასევე კოორდინირებულად ვმუშაობთ კოლეგა უწყებებთან იმისთვის, რომ სწორედ იმ გზების რეაბილიტაცია დავისახოთ პრიორიტეტად, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაში. ქვეყნის საერთაშორისო ლოჯისტიკური პოტენციალის ათვისების გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურამ უდიდესი როლი უნდა ითამაშოს ჩვენი ქვეყნის ძალიან საინტერესო რეგიონების განვითარებაში,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს, კონტრაქტორებსა და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლებს, ყველას ვინც დიდი თუ მცირე მასშტაბის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს.